გლდანი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ე.წ. ცხვრის გზაზე. თავდაპირველად იგი კახეთის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა. დავით აღმაშენებლის მიერ კახეთის შემოერთების შემდეგ გლდანი სამეფო სახლის განკარგულებაში გადავიდა. სოფლის ყმა-მამულის ნაწილი სამეფო სახლმა სვეტიცხოველს შესწირა. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გლდანი კახეთის სამეფოს შემადგენლობაშია და მისი ყმა-მამულის დიდი ნაწილი კახეთის თავადთა შორის უწარჩინებულეს და შემძლებელ ჯანდიერისშვილებს ეკუთვნის, ხოლო ნაწილი - ისევ სვეტიცხოვლის მონასტერს. 1579 წელს კახთა მეფემ ალექსანდრე II-მ სვეტიცხოველს განუახლა მამულები გლდანში. XVI-XVIII საუკუნეებში ჯანდიერისშვილებს გლდანის ყმა-მამულების ნაწილს გურამიშვილები ედავებოდნენ. კახეთის სამეფო კარი ცდილობდა სვეტიცხოვლისათვის წაერთმია ყმა-მამული და თავის ვასალებისათვის გადაეცა. შუა საუკუნეების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის საფუძველზე გლდანი, ისე როგორც მთელი კახეთი სამეფო, შედიოდა რუსთველის სადროშოში, რომელსაც რუსთველი ეპისკოპოსი უძღვებოდა. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ სოფელი ტფილისის გუბერნიის თიანეთის მაზრაში შევიდა.
გლდანის განაპირას, დასავლეთით, სასაფლაოებზე დგას ეკლესია, რომელიც აგებულია XIX საუკუნეში. ეკლესია დარბაზულია (7,72 X 6,1 მ), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ღრმა ნახევარწრიულ აფსიდში და სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია გაჭრილი. საკურთხევლის ორივე მხარეს კედელში ცილინდრული კამარით გადახურული მცირე ზომის სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომლებიც აფსიდს სწორკუთხა კარით უკავშირდებიან. ორივე სათავსის აღმოსავლეთ კედელში თითო სარკმელია, ხოლო დასავლეთისაში - თითო პატარა ნიში. საკურთხევლის, სადიაკვნესა და სამკვეთლოს სარკმლების ქვემოთ კედელს თარო გასდევს. საკურთხეველი ამაღლებულია. შუა ნაწილში გამოშვერილ ბაქანს გვერდებზე კიბეები აქვს. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. კამარის ქუსლები გრძივი კედლებიდან ოდნავ წინ არიას წამოწეული. ფასადებს აგურის გვიანდელი ლავგარდანი აქვს. დასავლეთ ფასადზე ჩარჩოში ჩასმული ჯვრებია ამოკვეთილი. ამავე მხარეს ეკლესიას ნართექსი ჰქონია (შემორჩენილია სახურავის კვალი). ნართექსისა და დარბაზის დამაკავშირებელი განიერი გასასვლელი ამჟამად დავიწროებულია.
ეკლესია ღვთისმშობელი დგას სოფლის სამხრეთით, ახალ სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (5,9 X 4,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. ნაგებობა დაზიანებულია: სრული სიმაღლით შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ კედელი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხეველში ერთი ვიწრო სარკმელია. ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში თითო მაღალი თაღოვანი სარკმელი და თითო სწორკუთხა ნიშია.
მოცემული მასალა მოვიძიეთ ენციკლოპედიისა და ვიკიპედიის საშვალებით