მთავარი
გლდანი მდებარეობს საგურამოს ქედის სამხრეთ კალთის ძირში, მცხეთიდან 15 კილომეტრზე (თბილისიდან 1-2 კილომეტრზე). გლდანი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ე.წ. ცხვრის გზაზე. თავდაპირველად იგი კახეთის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა. დავით აღმაშენებლის მიერ კახეთის შემოერთების შემდეგ გლდანი სამეფო სახლის განკარგულებაში გადავიდა. სოფლის ყმა-მამულის ნაწილი სამეფო სახლმა სვეტიცხოველს შესწირა. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გლდანი კახეთის სამეფოს შემადგენლობაშია და მისი ყმა-მამულის დიდი ნაწილი კახეთის თავადთა შორის უწარჩინებულეს და შემძლებელ ჯანდიერისშვილებს ეკუთვნის, ხოლო ნაწილი - ისევ სვეტიცხოვლის მონასტერს. 1579 წელს კახთა მეფემ ალექსანდრე II სვეტიცხოველს განუახლა მამულები გლდანში. XVI-XVIII საუკუნეებში ჯანდიერისშვილებს გლდანის ყმა-მამულების ნაწილს გურამიშვილები ედავებოდნენ. კახეთის სამეფო კარი ცდილობდა სვეტიცხოვლისათვის წაერთმია ყმა-მამული და თავის ვასალებისათვის გადაეცა. შუა საუკუნეების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის საფუძველზე გლდანი, ისე როგორც მთელი კახეთი სამეფო, შედიოდა რუსთველის სადროშოში, რომელსაც რუსთველი ეპისკოპოსი უძღვებოდა. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ სოფელი ტფილისის გუბერნიის თიანეთის მაზრაში შევიდა.